დინასტია


წარმოშობით ბაგრატიონთა გვარი სპერის (ამჟამინდელი თურქეთის პროვინცია ისპირი) ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონიდან მომდინარეობს.  ძველი სპერი ქართლის (იბერიის) სამეფოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ეკუთვნოდა და საუკუნეთა მანძილზე ადგილობრივი მოსახლეობის ენობრივი და ეთნიკური მრავალფეროვნების გამო არაერთი ბრძოლისა თუ სასაზღვრო დაპირისპირების მიზეზი გახლდათ თუმცა იგი მაინც ქართულ რეგიონს წარმოადგენდა ყოველთვის.


მოგვიანებით ბაგრატიონთა საგვარეულო სამ შტოდ დაიყო. ერთი საქართველოს იმჟამინდელ ტერიტორიას განაგებდა, მეორე სასომხეთს, მესამე კი ჰერეთს. ყველგან სადაც ეს გვარი გამეფდა, დიდება მოიპოვა.


ბაგრატიონთა საგვარეულო, რომელიც წარმოშობით ებრაელთა მეფის დავითის სახელს უკავშირდება, ღვთისგან მინიჭებული ამ ძალაუფლებით ქართულ მართლმდადიდებლურ ეკლესიასთან ერთად მრავალი საუკუნის განმავლობაში განაგებდა საქართველოს.


ბაგრატიონები ტახტზე პირველად VI საუკუნეში ავიდნენ. მაშინ როდესაც ქართლის ერისთავებმა, სპარსი და ბიზანტიელი  თავდამსხმელებისგან თავის დასაღწევად ისინი ქვეყნის მმართველდ აირჩიეს.


ბაგრატიონთა შტო ევროპაში ერთერთი უძველესი დინასტიაა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ისინი VI საუკუნიდან მოყოლებული მართავდნენ საქართველოს, ხოლო IX საუკუნიდან “ქართველთა მეფეებად” იწოდებოდნენ. უკავშირდებიან რა ფარნავაზიანთა შტოს მათი ისტორია სათავეს იღებს ძვ.წ. IV საუკუნეში. ბაგრატიონთა ამჟამინდელი საგვარეულო საქართველოს IX საუკუნიდან XIX საუკუნის ბოლომდე განაგებდა. მათი მმართველობა ათ საუკუნეს აღემატება. ამ დროის განმავლობაში  ბაგრატიონთა ოჯახის ყველაზე გამორჩეული მეფენი იყვნენ დავით IV აღმაშენებელი (1089-1125) და თამარ მეფე (1179–1213), რომელთა მეფობისას ქართულმა სახელმწიფომ ძლევმოსილებისა და აყვავების პიკს მიაღწია.


XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს გაერთიანებული სამეფო სამ ნაწილად დაიყო: ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებად. ბაგრატიონთა სამეფო კარის რამდენიმე შტო ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გამეფდა. ქართლის სამეფოს პირველი მეფე გახლდათ კონსტანტინე II (1479–1505), გაერთიანებული საქართველოს მეფის, ალექსანდრე I-ის შვილიშვილი (1412-1442)  და მეფე დემეტრეს ვაჟი. შემდგომ ტახტი დაიკავა ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის მუხრანბატონთა შტომ, რომლის პირველი წარმომადგენელი ქართლის მეფის დავით X-ის ძმა, ზემო ქართლის მეთაური, ბაგრატ მუხრანბატონი იყო.


ბაგრატიონთა სამეფო სახლს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიის განვითარებაში. ამ საგვარეულო სახლის წარმომადგენელნი დიდ ძალისხმევას იჩენდნენ ქართული ეკლესიის განმტკიცებაში რაც მუდამ მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა. დასაბამიდან პატრიარქები და მეფენი ჰარმონიულად თანაარსებობდნენ.. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მრავალი მმართველი აკურთხა მეფედ, მათ შორის იყვნენ დავით IV, თამარ მეფე, დემეტრე II და ლუარსაბ II. არაერთი თაობა აღიზარდა მათი სულიერი ცხოვრებისა და სათნო საქმეების მაგალითზე. ბაგრატიონები მარტოოდენ სამეფო ტიტულის მატერებლნი არ ყოფილან. მრავალი მათგანი გამორჩეული სასულიერო პირი და პატრიარქი გახლდათ.


ბაგრატიონთა დინასტიის არაერთი წევრი საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კატოლიკოს-პატრიარქად აკურთხა. ესენი იყვნენ: უწმ.უნეტ. დავით II (1426- 1428), უწმ.უნეტ. დავით V (1466-1479), უწმ. უნეტ. მელქისედეკ II (1528-1552), უწმ.უნეტ. ნიკოლოზ VII (1584-1589), უწმ. უნეტ. დომენტი II (1660-1676), უწმ. უნეტ.  დომენტი IV (1705-1741), უწმ. უნეტ. ანტონ I (1744-1788), უწმ. უნეტ. იოსები (1769-1776) უწმ. უნეტ. ანტონ II (1788-1811).


ქართველი მეფენი ამავე დროს დიდი მებრძოლნი და ჯარის მხედართმთავარნი იყვნენ. გარდა იმისა რომ ვაჟკაცურად ედგნენ სათავეში თავიანთ ქვეყანას,  იბრძოდნენ ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისა და დამოუკიდებლობისათვის, ამავე დროს დიდი წარმატებით სარგებლობდნენ დიპლომატიურ სამყაროშიც. მათი დამსახურებაა  ქვეყნის კულტურულ, მეცნიერული თუ ტექნოლოგიური წინსვლა და განვითარება. სწორედ მათ შეუწყვეს ხელი ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, ასტრონომიისა თუ სხვა სამეცნიერო დარგების პოპულარიზაციას.


ბაგრატიონთა სამეფო გვარმა საქართველო არა მხოლოდ ჩინებული სამხედრო, პოლიტიკური თუ სახელმწიფო ლიდერებით ასახელა, არამედ დიდი მეცნიერებით, ფილოსოფოსებით, კულტურული თუ საზოგადოებრივი მოხელეებითაც. მათ შორის გამოირჩეოდნენ ისეთი ქართველი მოაზროვნეები, როგორებიც იყვნენ ვახტანგ VI, ანტონ II, იოანე I, დავით, თეიმურაზი და ვახუშტი ბაგრატიონები.  მათ ქართული ფილოსოფიის ისტორიაში არსებითი წვლილი შეიტანეს. ისტორიკოსთა გამოკვლევებმა გამოაშკარავა დღემდე უცნობი ისეთი მასალები, რომლებიც მეცნიერებისა და ტექნიკური განვითარების სფეროში ბაგრატიონთა დაუღალავ შემოქმედებით საქმიანობასზე მეტყველებს, ვინაიდან ეს მიღწევები ძირითადად სწორედ ამ სამეფო გვართან იყო დაკავშირებული.


ქართველ მეფეთა შორის ყველაზე გამოჩენილი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დავითი IV ბაგრატიონი იყო, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელით შევიდა ისტორიაში. იგი XI-XII სს. მოღვაწეობდა. მმართველობის სისტემაში გატარებულ რეფორმებთან ერთად მნიშვნელოვანია  მისი წვლილი მედიცინის აღორძინების საქმეში. მან დააარსა გელათის აკადემია, სადაც აქტიურ სამეცნიერო-მთარგმნელობით საქმიანობასთან ერთად ისწავლებოდა მედიცინა, იქვე იყო საავადმყოფოც. უნდა აღინიშნოს, რომ დავითი დიდი ქრისტიანული ზნეობით იყო დაჯილდოებული და ხშირად ნახულობდა სნეულებს, ზრუნავდა მათზე. დავითს დიდსულოვნებასთან ერთად ღრმა სამედიცინო განათლებაც გააჩნდა.


ბაგრატიონთა გვარმა საფუძველი ჩაუყარა ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებასაც და ამასთან ერთად მნიშვენლოვანი წვლილი შეიტანა ქართული სამართლისა და კანონმდებლობის შემუშავებაში. ბაგრატიონთა დინასტიაში ბაგრატ კურაპალატის, დავით IV აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის, ვახტანგ VI, ერეკლე I, ვახტანგ ბაგრატიონის, დავით, იოანე და თეიმურაზ ბაგრატიონების დამსახურება უდიდესია სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი საკითხების ჩამოყალიბების საქმეში. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართული კანონმდებლობის ისტორიის განვითარებაში. შემთხვევითი არაა, რომ მეტსახელად  მას “ქართველ იუსტინიანეს” ეძახდნენ, ხოლო მის ნაშრომებს “ჩორპუს ჟურის ჩივილის”.


XIX საუკუნეში საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და ბაგრატიონთა გვარის დევნაც ამით დაიწყო. ბევრი მათგანი იძულებული გახდა რუსეთში გახიზნულიყო. ზოგიც სხვა ქვეყანაში გადასახლდა. ქართული სამეფო კარის მრავალმა წარმომადგენელმა მეცნიერებასა და ხელოვნებას შეაფარა თავი. მეფე იყო ის საერთო ღერძი რომელიც ერთიანობის, სტაბილურობის, რწმენისა და მომავლის იმედის სიმბოლოს წარმოადგენდა. რუსულმა ძალამ ეს მშვენივრად იცოდა და ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ საქართველოს ანექსია მოეხდინა, ხოლო ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წარმომადგენელნი უცხო ქვეყანაში გახიზნულიყვნენ. 1921 წლის ხანმოკლე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბოლშევიკებმა ხელახლა დაიმორჩილეს საქართველო. 1930 წელს ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონი დატყვევებულ იქნა.  რუსი მწერლის მაქსიმ გორკის დახმარებით მან მოახერხა ტყვეობიდან თავის დაღწევა და ოჯახთან ერთად ევროპაში გადაიხვეწა. ბატონიშვილი გიორგის ერთერთი ქალიშვილი, მარიამ ბაგრატიონი დაუბრუნდა თბილისს, მაგრამ მალევე დაატყვევეს და რვა წლით გადაასახლეს ციმბირში. იგი გარდაიცვალა 1992 წელს. დაკრძალულია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში (მცხეთა).


1940 წელს ბატონიშვილმა ირაკლი ბაგრატიონმა იტალიელი გრაფის ქალიშვილზე, მარია ანტუანეტა პასკვინიზე, იქორწინა. ამ შეუღლების შედეგად გაჩნდა გიორგი ბაგრატიონი.  ბატონიშვილი ირაკლი მთელი სიცოცხლის მანძილზე სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. დედამისი ელენა ზლოტნიკცკაია-ბაგრატიონიც იგივეს  განიცდიდა. ერთხელ თავის ქალიშვილს, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა ქართული მიწის ჩამოტანა სთხოვა. ბატონიშვილმა მარიამ ბაგრატიონმა დედამისს მადრიდში ჩაუტანა სვეტიცხოვლის ტაძრის მშრალი მიწა. ქალბატონი ელენა ამ მიწას ინახავდა თავის  საფლავზე მოსაყრელად, მაგრამ საუბედუროდ იგი მისი ვაჟის საფლავს ხვდა წილად, რომელიც 1977 წელს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.


საქართველოს კათოლიკოსი ილია II სწორედ მაშინ, 1977 წლის 24 დეკემბერს აკურთხეს პატრიარქად. იმავე დროს მოხდა მისი სამეფო უმაღლესობის, ბატონიშვილ ირაკლი ბაგრატიონის დაკრძალვაც.

1995 წლის 19 აგვისტოს, სულთმოფენობის მართლმადიდებლურ დღესასწაულზე, მისმა სამეფო უმაღლესობამ, ბატონიშვილმა გიორგი ბაგრატიონმა თავისი ბებიისა და ბაბუის ნეშტი გადმოასვენა, რომელნიც მშობლიურ მიწაზე, სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.

მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონი სამეფო ოჯახის ემიგრაციაში ყოფნისას, ქ. რომში დაიბადა. ესპანეთში იგი ხორხე ბაგრატიონის სახელით იყო ცნობილი და განთქმული საერთაშორისო ავტომრბოლელი გახლდათ. სპორტის სახეობა, სადაც უდიდესი წარმატება მოიპოვა და სხვადასხვა კატეგორიის ჩემპიონატებზე მონაწილეობით ცამეტგზის ასახელა ესპანეთი.


1991 წელს, სამოცწლიანი ზეწოლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და თავდაპირველად რესპუბლიკად გამოცხადდა, თუმცა მალევე შეიცვალა სახელწოდება და საქართველოს სახელმწიფოდ იქნა აღიარებული. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბაგრატიონებმა შეინარჩუნეს მონარქიული სტატუსი, თუმცა პოლიტიკური ძალაუფლება არ აღუდგენიათ.


საქართველოს მთავრობამ სცნო მისი სამეფო უმაღლესობის, ბატონიშვილ გიორგი ბაგრატიონის, როგორც სამეფო სახლის უფროსის და საქართველოს  სამეფო ტახტის მემკვიდრის სტატუსი და უფლებები. ეს ფორმალური აღიარება  კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ  ბაგრატიონთა სამეფო სახლი ერთერთი უძველესია მონარქიულ სახლთა შორის.


აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს სამეფო სახლი ენათესავება რუსეთის იმპერიალური სახლისა და ბავიერების სამეფო სახლის ოჯახებს. რუსეთის დიდი მთავრინა მარია ვლადიმირის ასული რომანოვა  მისი სამეფო უმაღლესობის, დავით ბაგრატიონის დეიდა გახლავთ, ვინაიდან დიდი მთავრინა მარიას დედა, ქალბატონი ლეონიდა გიორგის ასული, ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენელი იყო.


სამეფო სახლის ამჟამინდელი მეთაური  და სამეფო ტახტის მემკვიდრე მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონია, რომელიც მამამისის გარდაცვალების შემდეგ  საქართველოს სამეფო სახლის მეთაურად და დინასტიის მემკვიდრედ გამოცხადდა, ისევე როგორც ყველა დინასტიური ორდენისა.