13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან ერთი წლისთავი

მისი სამეფო უმაღლესობა, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, უფლისწული დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას დაესწრო. აღნიშნული შეხვედრა 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან ერთი წლის თავზე გაიმართა. მერიაში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალზე და აღდგენით სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოამზადა. შეგახსენებთ, რომ ამ კატასტროფას 23 თბილისელის სიცოცხლე შეეწირა.
ანგარიშის მიხედვით ძლიერი წვიმით და თანმდევი  წყალდიდობით გამოწვეულმა ზარალმა 90 მილიონი ლარი (42 მილიონი ამერიკული დოლარი) შეადგინა.  ამ თანხიდან 26 მილიონი ლარი (12 მილიონი ამერიკული დოლარი) სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ ფიზიკური პირის  მიერ შემოწირული თანხაა.
საქართველოს სამეფო სახლი აქტიურად მოუწოდებდა სამეფო ორდენების კავალერებს, ქალბატონებს და ზოგადად სამეფო სახლის მხარდამჭერებს გაეკეთებინათ შემოწირულობები დაზარალებულთა დასახმარებლად და დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მის სამეფო უმაღლესობას პირადად გადაუხადა მადლობა.
უფლისწულმა დავითმა გაკვირვება ვერ დამალა, თუ რა სწრაფად შეძლო ქალაქმა ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება. მან ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას და საკუთარ მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დაზრალებულთა თანადგომა.




Share :