სამეფო ვიზიტი დუბლინში: მისი სამეფო უმაღლესობა ლიქსლიპის სასახლეს ეწვია

მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრტიონ-მუხრანბატონის დუბლინში ვიზიტი 2013 წლის 13 სექტემბერს ოფიციალურად დაიწყო. დუბლინის საერთაშორისო აეროპორტში მას ირლანდიაში საქართველოს სამეფო სახლის საგანგებო დესპანი, დუბლინის უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი, მისი ბრწყინვალება შევალიე ჯეიმს ო’ჰიგინს ნორმანი დახვდა.

ასაფრენი ბილიკიდან მისი სამეფო უმაღლესობა ცერემონიალურ დარბაზში გაემგზავრა, სადაც სამთავრობო და ოფიციალურ დელეგაციებს ხვდებიან ხოლმე. დარბაზში მას დახვდნენ: სამეფო სახლის მთავარი კანცლერი, სან ხორხეს ჰერცოგი და გორის მარკიზი, მისი ბრწყინვალება ფერისის მარკიზი - ვალენსიაში საქართველოს სამეფო ორდენების რექტორი და მისი ბრწყინვალება ბარონი დე ჯიორჯო - პროკურორი და საარბიტრაჟო მოსამართლე.

ბატონმა ო’ჰიგინსმა მისი სამეფო უმაღლესობა-ს დუბლინში მისი ვიზიტის საორგანიზაციო კომისიის წევრები გააცნო: ბარონი და ბარონესა მაკლაფერტები, ბატონი პატრიკ დოუნსი - ირლანდიული საქმიანი წრეების წარმომადგენელი და ირლანდიური არმიის ოფიცერი ბატონი იან გელეუეი.

დახვედრის შემდეგ სამეფო დელეგაცია ლიქსლიპის სასახლეში გაემგზავრა. სასახლეში სტუმრებს პატივცემული დესმონდ უოლტერ გინესი, მისი მეუღლე პენელოპა და შევალიე პატრიკ გინესი -საქართველოს არწივის ორდენის კავალერი შეეგებნენ.

ლიქსლიპის სასახლე 1172 წელს  აშენდა და საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორიით გამოირჩევა. გინესების ოჯახის რეზიდენცია არ არის მუზეუმი, თუმცა უამრავ მნიშვნელოვან ხელოვნების ნიმუშს და ისტორიულ რელიქვიას ინახავს: მაგალითად მე-18 საუკუნის ფლორენციულ და ფლამადნრიულ გობელენს.

პატივცემული დესმონდ გინესი, ბარონ მოინის უმცროსი ძმა, გინესის ლუდსახარშის მფლობელის, ბრაიან გინესის და  დაიანა მიტფორდის (მოგვიანებით ქალბატონი მოსლის) მეორე შვილია. ის  ქართულ ხელოვნებას, არქიტექტურას და ბუნებას იკვლევს. მან თავის პირველ ცოლთან, მისი სამეფო უმაღლესობა ურაქის პრინცესა მერი გაბრიელთან ერთად, 1958 წელს ქართულ-ირლანდიული საზოგადოება ჩამოაყალიბა. 1980 წელს ის დუბლინის ტრინიტის კოლეჯის სამართლის საპატიო დოქტორი გახდა, 2001 წელს კი ის ირლანდიელ არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის საპატიო დოქტორად აირჩიეს და ბოსტონის ირლანდიურმა საზოგადოებამ მას ოქროს მედალი გადასცა. 2006 წელს ესპანეთის დედოფალმა სოფიამ ბატონ დესმონდ გინესს “ევროპა ნოსტრას” ჯილდო გადასცა.

შევალიე პატრიკ გინესს ეკუთვნის გინესის ლეგენდარული ლუდ-სახარშის დამაარსებლის, არტურ გინესის ბიოგრაფია. ის კითხულობს ლექციებს ადრეული ირლანდიური დინასტიების გენეალოგიაზე და ვიკინგების დროინდელი ირლანდიის შესახებ. ის კილდეირის ოლქის არქეოლოგიური საზოგადოების საბჭოს წევრია. აგრეთვე ირლანდიური კლანების ორდენის კავალერი. 2013 წლიდან პატრიკ გინესი საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის კომანდორიცაა.