სამეფო ვიზიტი დუბლინში: დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა საქართველოს ელჩი მიიღო

ვიზიტის მეორე დღეს მისმა სამეფო უმაღლესობამ საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ბატონი ირაკლი კოპლატაძე მიიღო. შეხვედრა “სტეფენს გრინის და ჰაიბერნიანის” კლუბის მთავარ დარბაზში გაიმართა. აღნიშნული კლუბი მისი სამეფო უმაღლესობის რეზიდენციაა სამ დღიანი ვიზიტის დროს. ბატონი ირაკლი კოპლატაძე წლების განმავლობაში საქართველოს ელჩი გახლდათ ირლანდიის რესპუბლიკაში. ივლისში ის თურქეთის რესპუბლიკაში მიავლინეს. მას დიდი წვლილი მიუძღვის სამეფო ვიზიტის მომზადებაში, პირველადი კონტაქტების დამყარებაში  და საჭირო ორგანიზაციებთან დაკავშირებაში.

მისმა სამეფო უმაღლესობამ სტამბულიდან საგანგებოდ  ჩამოსულ ელჩს უღრმესი მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და ვიზიტის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ ელჩმა უფლისწულ დავითს წიგნი უსახსოვრა. ეს წიგნი საქართველოს სამეფო სახლისა და მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიული ძეგლების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. საუბრისას

ბატონი ელჩი საქართველოს სამეფო დინასტიური ორდენების ირლანდიელ წარმომადგენლებს, მათ შორის შევალიე პატრიკ გინესს გაეცნო. საუბარი ქართულსა და ინგლისურ ენებზე წარიმართა.

უფლისწული დაინტერესდა ქართული სათვისტომოს ოპერირებაში და ზოგადად ქართულ-ირლანდიული ურთიერთობების დინამიკით. მან აღნიშნა, რომ ვიზიტისას ირლანდიული მაღალი საზოგადოების წევრებს, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს და ფინანსიტებს შეხვდება. შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდება საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებს.

მისი სამეფო უმაღლესობა ბატონ კოპლატაძეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ქ-ნ მაია ფანჯიკიძესთან გულითადი მოკითხვა დააბარა. თავის მხრივ ელჩმა მასპინძელი სტამბულში დაპატიჟა, რაზეც უფლისწულმა მიუგო, რომ სტამბულში ვიზიტი მისი დიდი ხნის სურვილს წარმოადგენს. აუდიენციას სან ხორხეს ჰერცოგი, ფერისის მარკიზი, ბოლუდას გრაფი, ბარონი დე ჯიორჯო, შევალიე ჯეიმს ო’ჰიგინს ნორმანი, შევალიე პატრიკ გინესი, ბარონი და ბარონესა მაკლაფერტი და ბატონი იან გელოუეი ესწრებოდნენ.






Share :