მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი ლონდონის ჰემპტონ კორტის სასახლეს ესტუმრა

კონტრადმირალ სერ ფრედერიკ დონალდ გოსლინგის, გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდ.ირლანდიის ვიცე-ადმირალისა და ქალბატონი გაბრიელა დი ნორას დაპატიჟებით

მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი ლონდონის ჰემპტონ კორტის სასახლეს ესტუმრა. მას ლორდი და ქალბატონი ლინგფილდი ახლდნენ. სერ დონალმა მისი სამეფო უმაღლესობას და მის თანმხლებ პირებს ჭიშკრიდან ეტლით გასეირნება შესთავაზა, რათა სტუმრები სასახლის მიმდებარე ულამაზესი ხედებით დამტკბარიყვნენ. სტუმრებს ასევე მიეცათ საშუალება ენახათ სერ დონალდის მიერ მისი უდიდებულესობა დედოფლისთვის მიძღვნილი საჩუქარი.

ჰემპტონ კორტის სასახლე ტუდორთა მეფობის პერიოდში აშენდა და სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა. ამჟამად სამეფო ოჯახი სასახლეში აღარ ცხოვრობს, თუმცა აქ ინახება სამეფო ოჯახის კუთვნილი სახვითი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია. აქ აგრეთვე სამეფო ოჯახის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები იმართება.

მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა თავის მასპინძელი, კონტრ-ადმირალი დონალდ გოსლინგი საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის კავალერად და დიდ ოფიცრად გამოაცხადა. სერ დონალდმა განაცხადა რომ მისთვის უდიდესი პატივია მისი სამეფო უმაღლესობის მასპინძლობა და ამ ორდენის ტარება.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ყველამ სასახლის ბაღში მდებარე სამეფო საბანკეტო დარბაზში გადაინაცვლა, სადაც საზეიმო სადილი გაიმართა.

ბოლოს სტუმრებს სასახლეში განლაგებული ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერებინეს. მისი სამეფო უმაღლესობა განსაკუთრებით დიდ დარბაზში განლაგებული გობელენების კოლექციით მოიხიბლა.





Share :