მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა პორტსმუთში მდებარე მისი უდიდებულესობის საზღვაო ბაზა და გემი “ვიქტორი” მოინახულა.

მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი პატივცემული ლორდ ლინგფილდის თანხლებით პორტსმუთში მდებარე მისი უდიდებულესობის სამეფო საზღვაო ბაზას ესტუმრა. ბაზაზე განლაგებულია ლეგენდარული გემი “ვიქტორი”, რომელიც ადმირალ ნელსონის საფლაგმანო ხომალდი იყო.

საზღვაო ბაზაზე მის სამეფო უმაღლესობას სამეფო საზღვაო მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფესორი დომინიკ თუედლი, მისი უდიდებულესობის გემი “ვიქტორის”  კურატორი, ექიმი ენდრიუ ბეინსი შეეგებნენ. სამეფო ოჯახის მეთაური გემზე განსაკუთრებული გზით აბრძანდა, სწორედ ეს გზა გაიარა ტრაფალგარის ბრძოლაში მიმავალმა ვიცე-ადმირალმა ვიკონტ ნელსონმა 1805 წელს.

გემბანზე დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის სამეფო საზღვაო ფლოტის საპატიო ყარაული შეეგება, ისევე როგორც ადმირალებს ეგებებიან ხოლმე. მის სამეფო უმაღლესობას თან ახლდნენ  სან ხორხეს ჰერცოგი, ფერისის ჰერცოგი, ბოლუდას გრაფი, ჯორჯოს ბარონი და მოწყალების ორდენის წარმომადგენელი, ნაიჯელ ბრენსონი. გემის კურატორმა სტუმრებს დეტალური ექსკურსია ჩაუტარა. მათ აჩვენეს ის ადგილები ხომალდზე, სადაც ადმირალი ნელსონი სასიკვდილოდ დაიჭრა და სადაც ადმირალი გარდაიცვალა. შემდეგ სტუმრებმა კაპიტანი ჰარდის, ტრაფალგარის ბრძოლაში გემის თავკაცის კაიუტაში  ისადილეს. სადილის დასრულებისთანავე სტუმრებმა მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც ადმირალი ნელსონის ნეშტი და სხვა ისტორიული საზღვაო ექსპონატები მოინახულეს.






Share :