დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულ, ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურს, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ანალიტიკის დეპარტამენტის მეთაური დავით ჩიკვაიძე და ასევე ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნებული, სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა.

სახელმწიფო მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ ბაგრატიონთა ოჯახმა შეძლო ხანგრძლივი დევნილობის შემდეგ საქართველოში დაბრუნება. გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრები ყველა თანამემამულის სამშობლოში ღირსეულად დაბრუნებას და მათ დამკვიდრებას საქართველოში. თავის მხრივ, დავით ბაგრატიონმა გამოთქვა სურვილი, რომ იმ რესურსებით, რაც გააჩნია სამეფო სახლს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქართული დიასპორის დახმარების მიმართულებით, რითიც ერთგვარად გაგრძელდება ის საამაყო საქმიანობა, რასაც ეწეოდა მისი პაპა, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი ქართული ემიგრაციის დასახმარებლად. სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კარი ღიაა ყველა იმ ინიციატივისათვის, რაც მიმართულია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების კეთილდღეობისაკენ. შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და დაისახა კონკრეტული გეგმები.




Share :