დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრს ეწვია.



2015 წლის 17 მარტს, მისი სამეფო უმაღლესობა. დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრს ეწვია. მირზა ფატალი ახუნდოვი (1812-1878) ცნობილი აზერბაიჯანელი კულტურული და სახელმწიფოებრივი მოღვაწეა. ის აღიარებულია აზერბაიჯანული ლიტერატურის კლასიკოსად. ცენტრი  მდებარეობს თბილისში, მირზა ფატალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმში, რომელიც 1982 წელს დაარსდა. 2012 წელს მწერლის დაბადებიდან 200 წლის აღსანიშნავად სახლ-მუზეუმი მთლიანად განახლდა. დღეს მუზეუმთან ერთად შენობაში აზერბაიჯანული კულტურის ცენტრია განთავსებული. სხვადასხვა დროს ბევრი ცნობილი ადამიანი იყო ამ ცენტრის სტუმარი - საქართველოს პრეზიდენტები: ზვიად გამსახურდია, ედუარდ, შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშილი,  პრემიერ-მინისტრები: ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტები ჰეიდარ და ილჰამ ალიევები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრები, აზერბაიჯანის კულტურისა და სპორტის მინისტრი, მონაკოს პრინცი ალბერტი.

მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა  კულტურის ცენტრში გამართული ექსპოზიცია დაათვალიერა. მას ასევე ჰქონდა შეხვედრები საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანის სატვისტომოს წევრებთან, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლებთან და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია სოკარის წარმომადგენელებთან.

ღონისძიება თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა. მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი გულთბილად მიიღო ცენტრის დირექტორმა, ლეილა ალიევამ, საქართველოში აზერბაიჯანელი უხუცესების საბჭოს თავმჯდომარემ ისაკ ნოვრუზოვმა, მთარგმნელმა ზაურ ხალილოვმა და სხვებმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს აზერბაიჯანისა და საქართველოს კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა და ასევე ბაგრატიონთა სახლის მიერ შეტანილი წვლილი ამ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაში. თავის მხრივ მისი სამეფო უმაღლესობა.დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს და მორიგ ჯერზე გამოთქვა მზადყოფნა საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებაში.





Share :