საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე საგურამოს რეზიდენციამ სტუმრებს უმასპინძლა


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა საგურამოს რეზიდენციაში პირადად უმასპინძლა “ქალთა უფლებების” სტუდენტური დებატების ფინალისტებს, გამარჯვებულებს და საორგანიზაციო ჯგუფს.  დებატები ევროპული სამართლის სტუდენტთა ასოციაციის და საქართველოს სამეფო სახლის ორგანიზებით ჩატარდა. გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: გოგა ლომინაძე, გუნდის კაპიტანი, ჯანსუღ ვერძაძე და სალომე გორგოძე. ფინალისტ გუნდს კი მაგდა გრიგოლია, გიორგი ტყებუჩავა და მარიამ შირინიანი წარმოადგენდნენ.

ფინალი 24 მაისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა. დამსწრეთა შორის სამეფო ოჯახის წარმომადგენელიც იმყოფებოდა. ფინალის დასრულების შემდეგ მისი სამეფო უმაღლესობის სახელით  ყველა მონაწილისთვის ბანკეტი გაიმართა.

ევროპული სამართლის სტუდენტთა ასოციაცია (ესსა) ევროპაში ყველაზე დიდი არაპოლიტიკური სტუდენტური ორგანიზაციაა. ესსა 1981 წელს დაარსდა და დღეისათვის 40000-ზე მეტ წევრს ითვლის. ესსა ევროპულ ქვეყნებში ეროვნულ დონეზეა წარმოდგენილი. ორგანიზაციას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი მფარველობს. საქართველო ესსა-ს აქტიური წევრია. ადგილობრივი ორგანიზაცია 500-ზე მეტ წევრს ითვლის და წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დაჯილდოვების ღონისძიების შემდეგ სამეფო სახლის მეთაურმა სტუმრები ეზოში დაპატიჟა, სადაც არაფორმალურ გარემოში, ღვინის თანხლებით დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა და ახალგაზრდებმა საჭირბოროტო თემები განიხილეს.







Share :