საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი ინგლისელი პროფესორი, ჯულია ვერნი მიიღო. შეხვედრა მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა თანადგომის” ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაზე პალიატიური მკურნალობისა და მოვლის საკითხები იქნა განხილული.

პროფესორი ჯულია ვერნი ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პალიატიური მკურნალობის ცენტრის თავმჯდომარეა და ქვეყნის მთავრობას რეკომენდაციებს უწევს ზემოთ აღნიშნულ დარგში. ქალბატონმა ვერნმა დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ ბატონმა ხუნდაძემ ქართული მხარის გამოცდილება გაუზიარა სტუმარს. უახლოეს მომავალში კომიტეტის ორგანიზებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეხვედრაზე, საქართველოში პალიატური მკურნალობის საკითხები დეტალურად გაანალიზდება. მომავალში ინგლისელ კოლეგებთან თანამშრომლობა გაგრძელდება.




Share :