უფლისწული გიორგის ნათლობა და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ გამოცხადება

2013 წლის 3 ნოემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ბაგრატიონთა საგვარეულო პანთეონში უფლისწული გიორგი გაქრისტიანდა. ნათლობა მისმა უწმინდესობამ ჩაატარა. კათალიკოს-პატრიარქი ამავდროულად უფლისწულის ნათლიაა. გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონ-მუხრანელი წმინდა სინოდის მიერ ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ და საქართველოს სამეფო სახლის მომავალ მეთაურად ოფიციალურად გამოცხადდა, შესაბამისად ამიერიდან დინასტიის სამომავლო ბედზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნება.

ნათლობის ცერემონიას ათასობით ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის: საქართველოს დიდგვაროვანთა ასოციაციის თავმჯდომარე პრინცესა ია ბაგრატიონ-მუხრანელი, საქართველოს სამივე სამეფო ორდენის წარჩინებული წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუსეთის ფედერაციიდან, სერბეთიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან და რაც მთავარია, საქართველოს ყველა კუთხიდან.

უფლისწულს 4 ნათლია ჰყავს - ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მიხეილ ახვლედიანი  და უფლისწულის ბიძები - გურამ და ირაკლი ბაგრატიონები. ისინი უფლისწულის მამის, დავითის ძმები არიან.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ დაუშვა ქალი ნათლიის პრეცედენტი, რითაც ხაზი გაუსვა საკუთარ პოზიციას და ყველანაირი ეჭვი გააქარწყლა დინასტიურ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით.

რელიგიური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა ბაგრატიონის ღვინის ქარხანაში გადაინაცვლეს, სადაც სტუმრებს ტრადიციული ქართული სუფრა ელოდათ, სიმღერებით, ლექსებითა და უამრავი სადღეგრძელოთი.

მისი სამეფო უმაღლესობა მადლობას უხდის მის უწმინდესობას, წმინდა სინოდს და ყველა კეთილმოსურნეს, ვინც ნათლობის ცერემონიას დაესწრო. სამეფო ნათლობა ისტორიული მოვლენაა ქართველი ერის მომავლისთვის, რადგანაც სვეტიცხოვლის ტაძარში სამეფო ნათლობის ტრადიცია აღდგა. უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი სამეფო ოჯახის მემკვიდრეს ნათლავს. ეს ფაქტი თვალნათლივ ცხადყოფს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სრულად უჭერს მხარს საქართველოს სამეფო სახლს. ბაგრატიონთა სახლი 86 წლიანი განდევნის შემდეგ საქართველოში 10 წლის წინ დაბრუნდა.

გაუმარჯოს უფლისწუულ გიორგის.


http://www.georgianews.ge/society/25208-2-year-old-giorgi-bagrationi-baptised-in-mtskheta.html

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/258676-patriarqma-dghevandel-dghes-istoriuli-utsoda.html

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/37393-uflistsul-giorgis-nathloba-svetickhovelshi.html

http://for.ge/view_news.php?news_id=25874&news_cat=0

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/89451-svetickhovelshi-uflistsuli-giorgi-monathles.html




Share :